ჩვენ ვიცავთ ბავშვთა უფლებებს


   პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "რეგიონული განვითარების რესურსცენტრს“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს სამტრედიის რაიონში მცხოვრებ პირობით მსჯავრდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობას.
   პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის გიორგი არსოშვილისა და "რეგიონული განვითარების რესურსცენტრის" დირექტორის სოფიო კირთაძის ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, საჭიროებების გათვალისწინებით გამოვლენილი ახალგაზრდა პირობით მსჯავრდებულები უცხო ენების, კომპიუტერული პროგრამების და სხვა სახის საგანმანათლებლო, აგრეთვე სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩაებმებიან.
   პრობაციის ეროვნული სააგენტო, პრობაციონერთა რესოციალიზაციის პროექტების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა რეგიონებში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გააფორმა ქვემო ქართლში - „სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან“ („სიდა“), სამცხე-ჯავახეთში - ასოციაცია "ტოლერანტთან" და გურიაში - "გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან".