პირველად საქარველოში მულტიკულტურული ბანაკი გაიმართა


   ურეკში, სასტუმრო ,,პრიმაში,” მულტიკულტურულ ბანაკს სამტრედიის ხელისუფლების და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ბანაკი, რომელიც 30 აგვისტოს გაიხსნა, ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რეგიონული განვითარების რესურსცენტრის” ინიციატივით ხორციელდება და 6 სექტემბრამდე გასტანს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ორმოცდაათი 13-დან 17 წლამდე მოსწავლე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მულტიკულტურულ მრავალფეროვნებას ეცნობა. თითოეული მონაწილე სპეციალური აპლიკაციის წარდგენის საფუძველზე შეირჩა. დღის განმავლობაში მათთვის სხვადასხვა თემატიკის სესიასთან ერთად, ინგლისური ენის ტრენინგები და გასართობი პროგრამაცაა გათვალისწინებული. პროექტში აქტიურად არიან ჩართული ამერიკელი მოხალისეები და პროგრამა ,,FLEX” კურსდამთავრებულები.
   ბანაკში სამტრედიის გამგებელთან, ვალერი ფოცხვერიასთან ერთად, მაჟორიტარი პარლამენტის წევრი გიორგი კახიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია, თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური, გამგებლის მოადგილე ლიზა კრავეიშვილი, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მიხეილ ლეჟავა, დეპუტატის ბიუროს წევრები და მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან ინტეგრაციას გაუსვეს ხაზი და ზოგადად, ბანაკის მნიშვნელობაზე და მის დადებით მხარეებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს ბანაკის მონაწილეებმა. ბოლოს კი ისინი სტუმრების წინაშე რამდენიმე სასცენო ნომრითაც წარსდგნენ.